George Shotadze

fullDatetime-to-read.short-label

რატომ არ იხდიან კომპანიები შსს-ს ვალს?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტრო შეამოწმა და 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, მოიჯარეებს 2016 წლის ჩათვლით სამინისტროს მიმართ 150 700  ლარის დავალიანება ერიცხებოდათ. 2017 წელს ეს რიცხვი 144 500 ლარით გაიზარდა და 31 დეკემბრის მდგომარეობით 295 200  ლარი შეადგინა.

შპს “ნიგი 2009”-მ 2014 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო. შსს-ს კუთვნილ რამდენიმე ობიექტზე ფართები იქირავა და  ერთი წლის განმავლობაში სამხედრო მომსახურეებისა და მორიგე თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აიღო.

2014 წლის განმავლობაში სამინისტრომ კომპანიას ჯამში 1 196 200 ლარი გადაუხადა, ისე რომ მისგან საიჯარო ქირის სახით არსებული დავალიანება არ დაუქვითა და, შესაბამისად, არც  ბიუჯეტში გადაურიცხავს.

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას სამინისტროს წინაშე არსებულ დავალიანებას,  88 500 ლარს, დაემატა საურავი 5 400 ლარის ოდენობით და ჯამში 93 900 ლარი შეადგინა.

“დავალიანების მისაღებად სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებები დაგვიანებული და უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კომპანიას საერთოდ არ აღმოაჩნდა აქტივები. კომპანიას სასამართლოს განჩინებით უარი ეთქვა გადახდისუნარიანობის საქმის გახსნაზე იმ მოტივით, რომ საპროცესო ხარჯის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა. ამავე მოტივით, სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა აღარ გააგრძელა პროცედურები სასამართლოს გზით დავალიანების ამოსაღებად, რითაც მათი განმარტებით, თავიდან აიცილა საპროცესო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.” – ნათქვამია აუდიტორულ დასკვნაში.

სასამართლო გადაწყვეტილებით, სამინისტრო  შპს “ნიგი 2009”-ის კრედიტორია. თუმცა კომპანია 2016 წლის 12 აგვისტოს ლიკვიდირებულია ამიტომ დავალიანების ამოღების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.

ჩვენ შპს “ნიგი 2009”-ის მეპატრონეს, თეიმურაზ ჯავახიშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ დაუგროვდა კომპანიას დავალიანება და აპირებს თუ არა ვალდებულების შესრულებას.

“კომპანია ლიკვიდირებულია უკვე რამდენიმე წელია. კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ვერ ვახერხებდით იჯარის გადახდას და გავკოტრდით.” – ამბობს თეიმურაზ ჯავახიშვილი.

აღნიშნულ კომპანიასთან 2013 წლამდე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებებს აფორმებდნენ 2015 წლამდე კი გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდა და მიმწოდებელი ხდებოდა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც შსს-ს მიმართ   დავალიანება ერიცხება არის შპს “ლაგი 2009”. კომპანია 2016 წლის განმავლობაში სამინისტროს რამდენიმე ობიექტზე კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა. თუმცა ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და არსებული დავალიანების, 91 700 ლარის, დაფარვას ითხოვს.

აღნიშნული კომპანია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების დამკვეთი პირდაპირი შესყიდვის გზით ხშირად ხდებოდა. ბოლო ხელშეკრულება 2016 წლის 15 ნოემბერსაა გაფორმებული.

100 500 ლარის დავალიანება ერიცხება კომპანია “შპს ადვესა”-ს, რომელსაც წლების განმავლობაში სამინისტროს კუთვნილ სხვადასხვა შენობაში სავაჭრო აპარატების განსათავსებლად ფართები ჰქონდა ნაქირავები. ფინანსური აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდა მასზე დაკისრებულ იჯარის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც დავალიანება ყოველწლიურად იზრდებოდა . მიუხედავად ამისა, სამინისტრომ კომპანიას კონტრაქტი მაინც გაუგრძელა. 2015 წლის 14 იანვარს, მაშინ როდესაც შპს-ს დავალიანება 54 600 ლარი იყო, სამინისტრომ კიდევ ერთ, ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

“ჩვენ შსს-ს სხვადასხვა ობიექტებზე ყავის, ჩაის და სავაჭო აპარატები გვედგა. დაახლოებით 40 აპარატი ჯამში.  დავალიანების დაგროვება ჩვენი ბრალი იყო, რადგან ქირის გადახდას ვერ ვახერხებდით. სასამართლო გადაწყვეტილებით ჩვენ დაგვეკისრა არა მხოლოდ დავალიანების დაფარვა, არამედ საურავიც დაემატა. ამჟამად იყიდება კომპანიის საკუთრებაში არსებული აპარატები და ამ წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, დავფარავთ დავალიანებას, თუმცა კონკრეტული თარიღი არ გვაქვს. ამჟამად ჩვენი კომპანია აღარ ფუნქციონირებს.” – განმარტავს ნუგზარ ჭიჭინაძე, შპს “ადევსა”-ს წარმომადგენელი.

“მიუხედავად იმისა რომ ისინი არ იხდიდნენ საიჯარო გადასახდელებს, სამინისტროს მიერ დროულად არ გატარდა შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები, რამაც აღნიშნული დავალიანების დაგროვება გამოიწვია.” – ნათქვამია ანგარიშში.

    50
    0