იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ. 13 დეკემბერს პრეზენტაციაზე მედიის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ, მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩვენ ორ მათგანს, დიმიტრი ხაჩიძესა და ეკა ციმაკურიძეს ვკითხეთ, რამდენად სრულყოფილია ანგარიში.
მათი აზრით, ტესტების სკანდალის გარდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანგარიშში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოტოვა.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი, დიმიტრი ხაჩიძე მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დეკლარაციული ხასიათისაა და ამ წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების ანალიზს და გადაჭრის გზებს არ გვთავაზობს.
“ანგარიშში არ მოხვდა სასამართლო სისტემაში შერჩევა-დანიშვნის დროს არაგამჭვირვალე კრიტერიუმების საკითხი. თავმჯდომარეების საკითხი – არავინ იცის, რა უფლება-მოვალეობაზეა საუბარი, რა გავლენას ფლობენ თავმჯდომარეები რიგით მოსამართლეებზე.
2013-14 წლებში დისციპლინარულ კოლეგიას ერთი საკითხიც არ განუხილავს. საჩივრები იყო უამრავი. საბჭოშივე ჩაიხშო ყველა. ის, რომ სასამართლოში არსებობდა და არსებობს პრობლემები ვთანხმდებით ყველა – არასამთავრობოები, სამოქალაქო სექტორი, მოქმედი და წინა ხელისუფლება, მაგრამ ერთადერთი, ვინც ამ გარემოებას არ ეთანხმება, არის სასამართლო. პირველ რიგში, საბჭომ უნდა აღიაროს ის პრობლემები, რომლებიც არის სასამართლო სისტემაში დღეს.
ეს ანგარიში ეძღვნება იმას,თუ რა გამოსწორდა, რა არის კარგი დღეს სასამართლო სისტემაში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სასამართლო, რა პრობლემები იყო, რითი იყო გამოწვეული და როგორ მოხდა ამ პრობლემების გადაჭრა. არცერთ ამ კითხვაზე პასუხი ამ ანგარიშში არ არის.”.
ამ პოზოციას იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ციმაკურიძეც. მისი თქმით, საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში მხოლოდ პოზიტიური მხარეა ნაჩვენები.
“ჩემი განცდაა, რომ ანგარიში ცალმხრივია და აჩვენებს სურათს, თუ როგორ ხედავს საბჭო თავის თავს და არა ობიექტურად: რაშია პრობლემები და რას პასუხობს ამ პრობლემებს საბჭო. ანგარიში ძალიან განსხვავდება იმ შეფასებებისგან, რომელიც წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კეთდებოდა საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით. მწვავე საკთხებთან დაკავშირებით, რა პრობლემებიც იყო და არის, ანგარიშში არის გარკვეულწილად საუბარი, მაგრამ მხოლოდ პოზიტიური მხარეებია ნახსენები. მაგალითად, მოსამართლეთა დანიშნვასთან დაკავშირებით საკითხი მხოლოდ პოზიტიური მხრიდანაა შეფასებული და არაა ახსნილი, რატომ იყო ასეთი კრიტიკა და რას პასუხობს იუსტიციის საბჭო?”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებულ დასკვნაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც არის ყურადღება გამახვილებული.
“საკანონმდებლო ცვლილებები არ არის საბჭოს საქმიანობის სფერო. 2013 წლიდან სამი ტალღა განხორციელდა და აქ საკანონმდებლო ორგანომ და აღმასრულებელმა იმუშავეს. ერთი, რომ არ არის საბჭოს დამსახურება და მეორე, იყო საკითხები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეთა მოთხოვნით არ განხორციელდა, ამიტომ ანგარიშში ამ ცვლილებებზე პოზიტიური შეფასებები გაუგებარია.“ — ფიქრობს ეკა ციმაკურიძე
Comments