ფულის გადმორიცხვის სქემა #1 - ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია
– საუბარი თუ იყო რუსეთიდან ფულის გადმორიცხვაზე?
– აპაპაპაპაპაპა! არაფერი!
მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაიწერა.
– ტყუილს არ გეუბნები, ა!
მეტი დამაჯერებლობისთვის, თერჯოლისა და ტყიბულის მღვდელმთავარმა, მიტორპოლიტმა გიორგი (გური) შალამბერიძემ კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და რუსეთიდან გადმოსარიცხი ოცდარვა მილიონი ევროს (€ 28 000 000) საქმესთან კავშირი კვლავ უარყო.
– პაპაპაპაპაპაპა! კაპიკი! … მე არ მქონია კავშირი და არც ლაპარაკი მაგაზე.
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმთავარს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, შევხვდით, სადაც სასაუბროდ მისი ეპარქიის მდივანმა, დეკანოზმა იოანე (ლევან) რევიშვილმა დაგვიბარა. მამა იოანე მეუფე გიორგისთან ერთად იმ დღეს თერჯოლადან მცხეთაში ჯვრისწერის რიტუალის ჩასატარებლად რამდენიმე საათით იმყოფებოდა. კითხვების დასასმელად ჯვრისწერის დასრულებას დაველოდეთ.
"ჟურნალისტური დეტექტორი კავშირების" მკვლევარებს კითხვა ორივესთან გვქონდა, მღვდელმთავართანაც და ეპარქიის მდივანთანაც, რადგან ორივე ფიგურირებს 2021 წელს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ და ინტერნეტში გავრცელებულ ე.წ. "გავრცელებულ ფაილებში." ამ ფაილების ავთენტურობის დადგენის მიზნით პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. გავრცელებულ ფაილებში აღწერილ ერთ-ერთ ისტორიაში, რომელიც ჩანაწერების მიხედვით, 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მოთხრობილია, რომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ვინმე "მანუჩარი", ზესტაფონელი შუამავლის მეშვეობით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირს დაუკავშირდა და ფულის რუსეთიდან გადმორიცხვაში დახმარება სთხოვა.
მანუჩარის მიზანი ოცდარვა მილიონი (€ 28 000 000) ევროს რუსეთიდან საქართველოში მაკონტროლებელი უწყებებისგან ფარულად გადმორიცხვა იყო. ერთ-ერთ "გავრცელებულ ფაილში" გადმოცემულია შუამავლის მოსაზრება:
"მანუჩარს ქ. მოსკოვიდან ნებისმიერ დროს შეუძლია თანხის გადმორიცხვა. მთავარია, საქართველოში დაალაგონ სიტუაცია და არ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა."
ამონარიდი "გავრცელებული ფაილებიდან", რომელშიც წერია, რომ ეს ცნობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის II მთავარი სამმართველოს III სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომლის საიდუმლო დოკუმენტი:
"წარსულში მღვდელი, ამჟამად ტყიბულის ეპარქიის ეკონომუსი. ცდილობს აღიდგინოს სასულიერო წოდება, ეკურთხოს დიაკვნად."
ისაია ცეცხლაძეს ეპარქიისგან დამოუკიდებლად საკუთარი საქველმოქმედო ფონდი "ალილო" ჰქონდა დარეგისტრირებული. გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვაში ჩართული პირები ჯერ ფიქრობდნენ, თანხის I ნაწილი, $ 450 000 აშშ დოლარი, სწორედ ამ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე ჩაერიცხათ. შუამავალი ცეცხლაძეს ჰპირდებოდა, რომ მომსახურების სანაცვლოდ თანხის 30% დარჩებოდათ, დანარჩენი კი ისევ "მანუჩარისთვის", სხვა ანგარიშზე, უნდა დაებრუნებინათ.
ერთ-ერთ "გავრცელებულ ფაილში" წერია, რომ ისაიას ეს იდეა სარისკოდ მოეჩვენა, რადგან არ გამორიცხა, რომ მისი ფონდის ანგარიში სახელმწიფოს მიერ კონტროლდებოდა. უფრო საიმედო იქნებოდა, თუ ფულს ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ანგარიშზე ჩარიცხავდნენ, ამისთვის, ისაიას თქმით, მიტროპოლიტი გიორგი (გური) შალამბერიძე, სავარაუდოდ, თანხის 10%-ს მოითხოვდა. ეს გეგმა ყველასთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა და ისაია ცეცხლაძემ "მანუჩარს" მოსკოვში ეპარქიის ანგარიშის ნომერიც გაუგზავნა.
17 მარტით დათარიღებული ფაილის მიხედვით, საქმეში მღვდელმთავრის თანაშემწე იოანე (ლევან) რევიშვილიც ჩაერთო. ის გააფრთხილეს, რომ ეპარქიის ანგარიშზე უცხო ქვეყნიდან, შესაძლო იყო, დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხულიყო.
გავრცელებული ფაილების მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი სქემა: პირველ ეტაპზე მოსკოვიდან ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადმორიცხულიყო, საიდანაც 10%-ს მღვდელმთავარი გიორგი (გური) შალამბერიძე და მისი თანაშემწე იოანე (ლევან) რევიშვილი გაინაწილებდნენ, ხოლო 20%-ს ისაია ცეცხლაძე და კიდევ 2 შუამავალი.
გავრცელებული ჩანაწერებიდან არ იკვეთება რატომ, მაგრამ წერია, რომ ეპარქიის ანგარიშზე თანხა არ ჩირიცხა და გეგმაც შეიცვალა.
მანუჩარმა ახალი მოთხოვნა წამოაყენა: თანხის მიმღებ მხარეს უნდა შეექმნა ეპარქიის ვებგვერდი, რომელზეც ფულის ელექტრონულად ჩარიცხვის სისტემა იქნებოდა ინტეგრირებული. ანუ პირდაპირ ანგარიშზე ჩარიცხვის მეთოდი ონლაინ გადახდის სისტემას უნდა ჩაენაცვლებინა. ასეთი ვებგვერდის შესაქმნელად ისაია ცეცხლაძეს სხვების დახმარება დასჭირდა. ის საერთო ნაცნობის მეშვეობით დაუკავშირდა VTB ბანკის თანამშრომელს ა.რ. -ს, რომელმაც ის, 2015 წლის 31 მარტს, ბანკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან შეხვედრაზე დაიბარა.
ჩვენ VTB ბანკში ვიზიტის ეპიზოდი ა.რ. -სთან გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ გავრცელებულ ფაილებში მითითებული ტელეფონის ნომერი მართლაც მას ეკუთვნის.
ა.რ. -ს წავუკითხეთ მის შესახებ არსებული ჩანაწერები და მან დაგვიდასტურა, რომ მართლაც დაუკავშირდა სასულიერო პირი, რომელსაც სურდა საქველმოქმედო ჩარიცხვებისთვის ვებგვერდზე "PayPal"-ის მსგავსი გადახდის სისტემის ინტეგრირება:
"ნამდვილად მახსოვს, მაგას გიდასტურებთ, რომ 2015 წელს თუ რომელიც იყო, დიდი ხნის წინ …მომმართა. ბანკში მათ არავისთან არ ჰქონდათ შეხვედრა, მე ვიყავი მხოლოდ და ვეხმარებოდი ამ რაღაც… საქველმოქმედო გადარიცხვა უნდოდათ, უბრალოდ ვითიბი -ში ეს არ გამოვიდა. ანუ არ აეწყო და შემდეგ მიმართეს სხვა ბანკს. როგორც მახსოვს, ეს იყო "ქართუ ბანკი." რამდენად გამოუვიდა მერე და რა მიიღო, ვერ გეტყვით."
ა.რ. -ს სიტყვები ასევე ემთხვევა "გავრცელებულ ფაილებში" მოთხრობილ ამ ისტორიის გაგრძელებას, რომლის თანახმადაც, ისაია ცეცხლაძემ ონლაინ გადახდის სისტემის აწყობა VTB ბანკის ნაცვლად "ბანკ ქართუში” გააგრძელა.
"გავრცელებულ ფაილებში" ვკითხულობთ, რომ "ქართუ ბანკის" წარმომადგენელთან შეხვედრისას "ისაია ცეცხლაძეს აცნობეს, რომ ვებგვერდზე ელექტრონული ანგარიშის გააქტიურებისთვის დასჭირდება გარკვეული საბუთები და ფონდის დარეგისტრირება. ასევე განუმარტეს, რომ ერთჯერადად მაქსიმუმ 1000 ლარის მიღება იქნება შესაძლებელი."
აქედან გამომდინარე, ჩანაწერის მიხედვით, ცეცხლაძე "ქართუ ბანკში" ვიზიტის შემდეგ ახალი ამოცანის წინაშე დადგა: მას ახალი ფონდი უნდა დაერეგისტრირებინა.
"გავრცელებულ ფაილებში" წერია: "მიმდინარე წლისს 14 მაისს ი. ცეცხლაძემ მიტროპოლიტ გური შალამბერიძესთან ერთად დაარეგისტრირა გოგნის წმინდა გიორგის კარუგდებლის მამათა მონასტრის სამშენებლო საქველმოქმედო ფონდი "გოგნი", რომელიც ბანკში წარადგინა."
ჩვენ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ ისაია (ვახტანგ) ცეცხლაძემ მიტროპოლიტ გიორგი (გური) შალამბერიძესთან ერთად ზუსტად ამ სახელწოდების ფონდი 2015 წლის 14 მაისს მართლაც დაარეგისტრირა.
ამონარიდი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული ფონდის სარეგისტრაციო დოკუმენტებიდან:
ამონაწერი დეკანოზ იოანე რევიშვილს ვაჩვენეთ და ვკითხეთ, დაარეგისტრეს თუ არა ისაია ცეცხლაძემ და გიორგი (გური) შალამბერიძემ ერთად ახალი ფონდი?
– არ ვიცი.
– რეესტრში გაჩვენებთ.
– მაჩვენე, ნამდვილად არ ვიცი.
ტელეფონში ერთად ვხსნით სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს, სადაც ჩანს, რომ მიტროპოლიტი ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა, დეკანოზი კი - წევრი.
– აგერ, გური შალამბერიძე, ვახტანგ ცეცხლაძე…
– კი ბატონო.
მამა იოანეს შემდეგი ფრაზა მიუთითებს, რომ ის ფონდის არსებობის გარდა მისი ფინანსური სტატუსის შესახებაც არის ინფორმირებული:
– მაგ განულებულია, არანაირი (აქტივობა) არ არის.
ამის შემდეგ ფონდის შესახებ იქვე მდგომ ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ გიორგი (გური) შალამბერიძესთან განვაგრძობთ საუბარს:
– თქვენ და ისაია ცეცხლაძემ დაარეგისტრირეთ საქველმოქმედო-სამშენებლო ფონდი.
მიტროპოლიტი ჩუმადაა.
– ხომ დაარეგისტრირეთ?.. ამონაწერი ვნახეთ.
– მერე სადაა ფონდი? – მპასუხობს მიტროპოლიტი
– რეესტრში დარეგისტრირებულია.
– არის მერე რამე? მუშაობდა რამე?
– არ ვიცი, გთხოვთ, რომ გაგვიზიაროთ (დოკუმენტები).
– ჰოდა არა, არა არაფერი არ მიგვიღია… ვინც გამეიტანს იმან ხომ უნდა მოაწეროს ხელი, მერე სადაა?
– ისაია ცეცხლაძესთან ერთად ფონდი რატომ შექმენით?
მიტროპოლიტს პასუხის მოსაფიქრებლად რამდენიმე წამი დასჭირდა.
– ფონდი… შეიძლება თვითონ აქვს შექმნილი.
– არა, არა, გაჩვენებთ.
მიტროპოლიტს ტელეფონში საჯარო რეესტრის ამონაწერს ვაჩვენებთ. მღვდელმთავარმა გიორგი შალამბერიძემ ეკრანს წამიერად დახედა. როგორც კი ამონაწერი გაიხსნა, მყისიერად შეტრიალდა და ტაძრის გასასვლელისკენ გაემართა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შემობრუნდა და დაამატა:
– არაფერი არ მაქვს მე მაგ საქმესთან. ვარ სუფთა!
– ისაია სად არის?
– რას კითხულობ?! რა ვიცი მე, სადაა!
დეკანოზმა იოანე რევიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ისაია ცეცხლაძეს თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიასთან კავშირი მართლაც ჰქონდა. თუმცა, მისი თქმით, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
– ჩვენთან იყო დაახლოებით შვიდი წლის უკან.
– რა პოზიციაზე იყო?
– არაფერი, ჩვენთან ბერი იყო, დროებით იყო გადმოსული თბილისიდან. არც ოფიციალურად იყო გადმოსული, არაფერი. ისე, უბრალოდ, ჩვენთან იყო როგორც ბერი, მსახურობდა.
– იცნობთ თქვენ?
– ღამე არ აქვს განათევი მონასტერში ჩვენთან. მოდიოდა, მეგობრობდა, მიდიოდა…
დეკანოზს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს ვაჩვენებთ. ერთი სურათი მას, მეუფე გიორგის და ისაია ცეცხლაძეს ერთად გადაუღიათ. სხვა სურათებზეც ისაია ცეცხლაძე და მიტროპოლიტი გიორგი (გური) შალამბერიძე გვერდიგვერდ დგანან. ეს ფოტოები ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე 2015 წლის 3 მაისსაა გამოქვეყნებული, რაც "გავრცელებულ ფაილებში" აღწერილ, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის ოპერაციის თარიღებს ემთხვევა.
დეკანოზს ვეკითხებით:
– სულ მიტროპოლიტს ახლავს გვერდით, ახლოს იყო მასთან?
– ახლოს იყო რა, რამოდენიმეჯერ იყო ჩვენთან, სულ იყო ათჯერ. ეს არის ჭოგნარში გადაღებული სურათები. სულ არ იყო (ჩვენთან), კაცო. მამა გიორგი ბასილაძე, რომ გარდაიცვალა, მაშინ ჩამოვიდა და ესაა იმ დღეს გადაღებული სურათები.
ფულის გადმორიცხვის მცდელობა #2 - საპატრიარქო, თუ პატრიარქის ფონდი?
"გავრცელებული ფაილების" მიხედვით, ვებგვერდზე ელექტრონული საგადასახადო სისტემის აწყობის მცდელობის პარალელურად, მოქმედი პირები რუსეთიდან თანხის გადმორიცხვას სხვა არხებითაც ცდილობდნენ. ეს რამდენჯერმე წარმატებით მოახერხეს და სქემაში, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ფონდების გარდა, საპატრიარქოსთან დაკავშირებული სხვა ფონდიც იყო ჩართული.
ამონარიდი 2015 წლის 31 მარტით დათარიღებული ფაილიდან:
"ოპერატიული ინფორმაციით ცნობილია, რომ მოსკოვიდან აქტიურად ხდება თანხების ჩარიცხვა საპატრიარქოს ფონდში."
ამონარიდი 2015 წლის 22 აპრილით დათარიღებული ფაილიდან:
"ს.ჯ. -ს სიტყვებით ქ. მოსკოვიდან მანუჩარმა აცნობა, რომ მოსკოვიდან ურთიერთობა დაამყარეს “პირდაპირ იმასთან” და აქტიურად ხდება თანხების ჩარიცხვა საპატრიარქოს ფონდში. ი. ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს ფონდს დიდი ხანია შეუძლია ელექტრონულად ნებისმიერი თანხის მიღება. ს.ჯ. -ს სიტყვებით მას აცნობეს იმ პიროვნების ვინაობა, ვისთანაც უშუალოდ აქვთ კონტაქტი მოსკოვიდან, თუმცა მისი დასახელებისაგან თავი შეიკავა, დაკმაყოფილდა მინიშნებით."
ამონარიდი 2015 წლის 30 აპრილით დათარიღებული ფაილიდან:
"ი. ცეცხლაძის მონაცემებით ამჟამად ეს გადმორიცხვები ხორციელდება საპატრიარქოს ფონდის ელექტრონული ვებ-გვერდის მეშვეობით და ეს ოპერაცია შეთანხმებულია ხელმძღვანელ პირთან (?)"
ამონარიდი 2015 წლის 01 მაისით დათარიღებული ფაილიდან:
"ფონდი და საპატრიარქოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი (ლ. ჟვანია, ან შ. თეთრუაშვილი) ჩართულია რუსეთიდან გადმოსარიცხი რამდენიმე ათეული ათასი დოლარის გათეთრების ოპერაციაში."
ამონარიდი 2015 წლის 01 მაისიდან 30 მაისით დათარიღებული ფაილიდან, რომელშიც მითითებულია, რომ ეს არის: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის II მთავარი სამმართველოს III სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში."
"მიმდინარეობს მუშაობა, ეკლესიასთან დაკავშირებულ ფონდების მეშვეობით უცხო ქვეყნებიდან ე.წ. ფულის გათეთრების ოპერაციაში მონაწილე პირთა და ფულის წარმომავლობის დადგენის მიზნით. ასევე დგინდება საპატრიარქოს ფონდის შესაძლო კავშირი ამავე წარმომავლობის ფულად გზავნილებთან და ფონდის მმართველობაში წარმოქმნილი კონფლიქტის მიზეზი."
ამონარიდი 2015 წლის 7 აგვისტოთი დათარიღებული ფაილიდან:
"ცნობილია, რომ საპატრიარქოს ფონდში მოხდა 1 200 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა. მანუჩარი ასევე ცდილობდა ელექტრონულად გადმოერიცხა თანხა გოგნის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის ანგარიშზე. თანხა იყო პრობლემატური და ანგარიშიდან გამოტანა ვერ ხერხდებოდა. ანალოგიური პრობლემების გამო არ მოხდა გადმორიცხვა სხვა ფონდებშიც. (არსებული მონაცემებით, სავარაუდოდ, აღნიშნული თანხა საპატრიარქოს ფონდში გადმოირიცხა მანუჩარის მეშვეობით)."
გავრცელებულ ფაილებში ნახსენებია "საპატრიარქოს ფონდი." ზუსტად ასეთი სახელწოდებით საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არცერთი ფონდი არ იძებნება, მაგრამ არსებობს პატრიარქის ფონდი, რომლის ვრცელი სახელწოდებაც არის:
"სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი."
ამ ფონდის მთავარი მენეჯერია ლაშა ჟვანია, ხოლო აღმასრულებელი მდივანი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
ვინაიდან "გავრცელებულ ფაილებში" ბუნდოვანია, თანხის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ რომელ ფონდში ჩარიცხვა იგულისხმება, ამიტომ "ჟურნალისტური დეტექტორი კავშრების" რეპორტიორებმა წერილებით მივმართეთ საპატრიარქოსაც და პატრიარქის ფონდსაც. გავგზავნეთ ამონარიდები "გავრცელებული ფაილებიდან", სადაც საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფონდებში რუსეთიდან თანხის ჩარიცხვაზე და შესაძლო ფულის გათეთრებაზეა საუბარი.
წერილობითი პასუხი მხოლოდ პატრიარქის ფონდიდან მივიღეთ. პასუხში ნათქვამია, რომ პატრიარქის ფონდი არ არის რეგისტრირებული, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონდში “ჩარიცხული და ფონდიდან გადარიცხული ყველა თანხა დაბეგრილია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი კანონმდებლობით, რაც ძირშივე აღმოფხვრის ისეთი დანაშაულის ჩადენაზე ფიქრსაც კი, როგორიც ფულის გათეთრებაა.”
ნათქვამია ისიც, რომ ე.წ. "გავრცელებულ ფაილებში" მოთხრობილს საფუძველი არ აქვს და შეიცავს ცილისწამებას და სამართალდამცავები ფონდის საქმიანობით არასოდეს დაინტერესებულან:
“თქვენს თხოვნასთან დაკავშირებით - განგიმარტოთ, თუ რაიმე რეაგირება იყო სამართალდამცავი ორგანოებიდან, გაცნობებთ, რომ ვინაიდან ფონდის არსებობის დღიდან დღემდე, ფონდი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობს, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებისთვის საფუძველი არასოდეს დამდგარა.”
ფონდთან მიმოწერის გარდა, “ჟურნალისტური დეტექტორი კავშირები” ესაუბრა პატრიარქის ფონდის ორივე ხელმძღვანელს. ორგანიზაციის აღამსრულებელი მდივანი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის ფონდში რაიმე სახის საეჭვო ქმედებებს გამორიცხავს:
“საქართველოს პატრიარქის ფონდთან რაიმე ეჭვი, რომ შეიძლება რაიმე დარღვევა არსებობდეს საქართველოს კანონმდებლობის თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, ამ კრებსებში არსებულ მასალასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული და ფონდს ამასთან არასოდეს კავშირი არ ჰქონია იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს ფონდი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს."
გიორგი ზვიადაძეს ვკითხეთ, ფინანსური დარღვევებისგან დაცვის რა მექანიზმი არსებობს ფონდში,
- მე მესმის თქვენი, სრულად გაკონტროლება ამისი ძალიან რთულია, რაღაც ყოველთვის რჩება შეიძლება რაღაც მინიმალური იოტისოდენა შესაძლებლობა იმისა, რომ ვინმემ ეს გააკეთოს ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მაგრამ პატრიარქის ფონდთან დაკავშირებით რატომ არის ეს შეუძლებელი: რიცხოვნობით ძალიან მცირე რაოდენობის თანამშრომელი იყო და ყველას ჩვენ გვქონდა მინიმალური ხელფასები იმიტომ, რომ დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ გვემუშავა იქ არა ხელფასის გამო, არამედ იმ დიდი საქმის გამო, რაც, რა თქმა უნდა, პატრიარქს ჰქონდა ჩაფიქრებული ამ ფონდის შექმნასთან დაკავშირებით და ეს უმეტესწილად განხორციელდა კიდეც. თუ ადამიანი ნახავს იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რომელიც დაფინანსდა ამ ფონდის მიერ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ არცერთი ადამიანი რომელიც ობიექტურად არის დაინტერესებული ფონდის საქმიანობით, თვალს ვერ აარიდებს ამას, თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საქმიანობა და რამდენი რამ გაკეთდა ამ ფონდის მიერ."
ტელეფონით ვესაუბრეთ ლაშა ჟვანიასაც, რომელიც ახლა ისრაელში საქართველოს ელჩი და პარალელურად, საპატრიარქოს ფონდის მთავარი მენეჯერია. მან ფონდში მისვლა და ამონაწერებისა და კონტრაქტების ადგილზე გაცნობა გვირჩია.
პატრიარქის ფონდიდან ელექტრონული ფოსტით მივიღეთ წერილობითი პასუხი: ოფისის მენეჯერმა მირანდა ქირიამაც ფონდში მისვლა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობა შემოგვთავაზა.
"ჟურნალისტური დეტექტორი კავშირები" მივიდა პატრიარქის ფონდში და გაარკვია, რომ ორგანიზაციას წლების განმავლობაში სხვადასხვა ბანკში არაერთი ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ფინანსურმა მენეჯერმა მარინე ქიმერიძემ 2015 წლის დოკუმენტაცია გაგვაცნო - ამონაწერები და კონტრაქტები. მისი თქმით, მან ყველა ანგარიში გვაჩვენა. ქიმერიძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ფონდს მოქმედი ანგარიშები (დოლარის და ლარის) მხოლოდ TBC ბანკში აქვს.
ვინაიდან გავრცელებულ ფაილებში 28 მილიონის საქმესთან დაკავშირებით ნახსენებია ასეთი ფრაზა: "ქ. მოსკოვიდან მანუჩარმა აცნობა, რომ მოსკოვიდან ურთიერთობა დაამყარეს “პირდაპირ იმასთან” და აქტიურად ხდება თანხების ჩარიცხვა საპატრიარქოს ფონდში. ი. ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს ფონდს დიდი ხანია შეუძლია ელექტრონულად ნებისმიერი თანხის მიღება."
პატრიარქის ფონდის ვებ-გვერდზე შემოწირულობისთვის დღესაც არის ონლაინ-გადახდის სისტემა. ვებგვერდების ციფრული არქივის, Wayback Machine -ის მიხედვით ონლაინ-გადახდის სისტემა 2015 წელსაც იყო საიტზე.
გიორგი ზვიადაძეს ინტრევიუს დროს ვთხოვეთ, ონლაინ გადახდის სისტემაზე მიბმული ანგარიშის 2015 წლის ამონაწერებიც გაეზიარებინათ.
პატრიარქის ფონდში მეორე ვიზიტისას ფინანსურმა მენეჯერმა მარინე ქიმერიძემ 2015 წლის სხვა დოკუმენტებთან ერთად ელექტრონული გადარიცხვების ანგარიშის ორი ამონაწერი დაგვახვედრა:
მარინე ქიმერიძის თქმით, ამ დოკუმენტების მიხედვით, შემოწირულობის ელექტრონულ სისტემაზე 2015 წელს სწორედ ეს ანგარიში იყო მიბმული.
ბუღალტრის მიერ გადმოცემული დოკუმენტების მიხედვით, ამ ანგარიშებზე 2015 წელს თანხის ბრუნვა არ დაფიქსირებულა.
დოკუმენტებს, რომელიც მარინე ქიმერიძის თქმით მამა გიორგი ზვიადაძემ ბანკიდან ჩვენი საუბრის დღეს აიღო, ბეჭედი არ აქვს დარტყმული.
"ჩვენ ქართუ ბანკში გვაქვს ორი ანგარიში, ლარის ანგარიში და დოლარის ანგარიში. ეს ანგარიშები გაიხსნა 2005 წელს. ფონდის ჩამოყალიბებისთანავე. მხოლოდ ორი ანგარიში გვაქვს.
2015 წელს არ ყოფილა ჩარიცხვები, მხოლოდ გვაქვს ნაშთები. ლარის ანგარიშზე გვაქვს 454 ლარი და 93 თეთრი. დოლარზე საერთოდ არ გვაქვს თანხა.
მარინე ქიმერიძეს ვკითხეთ, რატომ არ აქვს ამ ამონაწერებს ბანკის ბეჭდები?
- ამას არა აქვს მნიშვნელობა. ბანკის გარეშე ამის ამოღება შეუძლებელია.
- ჩასწორებაა შესაძლებელი.
- არა, რას ბრძანებთ. თუ თქვენ დამაჯერებელი გინდათ, ბეჭდიანი, ეგეც შემიძლია მოგართვათ.
ფულის გადმორიცხვის სქემა #3
2015 წლის 6 აპრილით დათარიღებულ ფაილში წერია, რომ მოსკოვიდან სამხრეთ კორეის საბანკო სისტემის გამოყენებით 300 000 ევრო უპრობლემოდ გადმოირიცხა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, თანხა რომელ ანგარიშზე ჩაირიცხა. დამატებითი დეტალები ამ ტრანზაქციის შესახებ ჯერჯერობით ვერ მოვიძიეთ.
ფულის გადმორიცხვის სქემა #4
28 მილიონი ევროს საქმის ძიებისას ასევე გადავაწყდით ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც "რუსეთიდან გადმოსარიცხი თანხა გაიზარდა და შეადგენს 50 მილიონ ევროს." კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, რუსეთიდან თანხის გადმორიცხვის მსურველებმა ახალი გზები მოძებნეს და კერძო პირსაც დაუკავშირდნენ.
ამონარიდი 2015 წლის 24 ივნისით დათარიღებული ფაილიდან:
"ჩვენთვის ცნობილი 28 მილიონი ევროს რუსეთიდან გადმორიცხვის თემასთან დაკავშირებით, რომლის გადმორიცხვაც უნდა განხორციელებულიყო საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფონდებში, დამატებით ცნობილი გახდა, რომ ფულის მეპატრონეების ან მათი წარმომადგენლის ვინმე მანუჩარის მიერ (სავარაუდოდ ამჟამად იმყოფება რუსეთში), მოძიებულ იქნა საქართველოში ფულის მიმღები ახალი ორგანიზაცია. კერძოდ, მანუჩარმა გადმორიცხვების დაწყების შესახებ შეატყობინა არჩილ ციხელაშვილს, რომელიც მუშაობს შპს "ჯი-ემ-პი"-ში ერთ-ერთ ხლმძღვანელ თანამდებობაზე."
ამონარიდი 2015 წლის 7 აგვისტოთი დათარიღებული ფაილიდან:
"გაირკვა, რომ მანუჩარი, რომელიც ქ.მოსკოვიდან, საქართველოში საპატრიარქოსთან დაკავშირებული ფონდების მეშვებოთ ცდილობდა 50 მილიონის გადმორიცხვას, დაუკავშირდა არჩილ ციხელაშვილს (პ/ნ 010--------). ა.ციხელაშვილმა, მანუჩარს ვალის დაბრუნება მოსთხოვა. მანუჩარის სიტყვებით რუსმა პატრნიორებმა პირად ანგარიშზე ჩაურიცხეს თანხა (რაოდენობა უცნობია) რითიც აპირებს ვალების გადახდას. ასევე აღნიშნავს, რომ 8 აგვისტოს ჩამოვა საქართველოში."
"ჟურნალისტური დეტექტორი კავშირები" დაუკავშირდა არჩილ ციხელაშვილს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მართლაც იცნობს ვინმე მანუჩარს, რომელსაც მისი ვალი აქვს და ჯერ არ დაუბრუნებია. ციხელაშვილმა მანუჩარის გვარი ვერ გაიხსენა:
- არ მაქვს სურვილი რომ ვისაუბრო მაგ ადამიანზე. ეგ ადამიანი ამოვშალე სიიდან საერთოდ.
- ასეთი საუბარი თუ შედგა 2015 წელს, ამას თუ დაადასტურებთ?
- არა, არა, მე არ მახსოვს ეგეთი რაღაცა.
- ვალის დაბრუნება ახსენეთ, აქაც წერია, რომ ვალი აქვს თქვენი.
- ჰო, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაცა საუბარი გვქონდა… მაგხელა თანხა პირველად გავიგე ეხლა. ეგეთი რაღაცა მაგას თუ შეიძლება, რომ ჰქონოდა. საიდან უნდა ჰქონოდა, არც ეგ არ ვიცი…
- რა პროფესიის არის?
- არ ვიცი, რა გითხრათ… არაფერი, ესე დადის და არის თავისთვის, არაფერი პროფესია არ აქვს.
- საქართველოშია ახლა?
- არ ვიცი, შეიძლება საქართველოშიც არის.
- გვარი არ გახსოვთ?
- ეგ არის თუ ეგ არ არის, ეგეც არ ვიცი. მე ერთს ვიცნობ და მორჩა, გვარი არ მახსოვს. შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანი იყოს, ეგ არ იყო.
"ჟურნალისტური დეტექტორი კავშირები" ცდილობდა მანუჩართან დაკავშირებას "გავრცელებულ ფაილებში" მითითებულ ტელეფონის ნომერზე, თუმცა ზარს არავინ უპასუხა.
ტელეფონის ნომერი გადავამოწმეთ ნომრის მფლობელის დასადგენი აპლიკაციის (truecaller) მეშვეობით. მონაცემთა ბაზის მიხედვით ნომერი მართლაც რუსეთში მცხოვრებ "მანუჩარს" ეკუთვნის.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის", "ეროვნული ბანკისა" და "ბანკ ქართუს" პასუხები:
კითხვით მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გვაინტერესებდა სამართლებრივი რეაგირება თუ ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "28 მილიონის საქმეზე" და აი მათი პასუხი:
"ე.წ. "ფაილების საქმეზე" გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. მათ შორის: გამოძიების საგანია აღნიშნული მასალის ავთენტურობის დადგენა. შესაბამისად, მოკლებული ვართ ამ საკითხზე კომენტარის, განმარტების გაკეთების შესაძლებლობას."
მივმართეთ ეროვნულ ბანკსაც – გვაინტერესებდა 2010 წლიდან დღემდე "ბანკი ქართუ" და VTB ბანკი, არიან თუ არა დაჯარიმებული Anti Money Laundering (AML) წესების დარღვევისთვის. თუ დაჯარიმებულან, როდის, რამდენჯერ და რომელი ქვეყნებიდან განხორციელებული ტრანზაქციებს უკავშირდებოდა ეს შემთხვევები? ეროვნული ბანკის პასუხი:
"2020 წლამდე ინფორმაცია AML კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის კომერციული ბანკის მიმართ გამოყენებული ჯარიმების შესახებ განეკუთვნებოდა კონფიდენციალური კატეგორიის ინფორმაციას. 2020 წლიდან კომერციული ბანკების მიმართ გამოყენებული ჯარიმები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე https://nbg.gov.ge/supervision/aml-cft. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა ნებისმიერი სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კომერციული ბანკის AML შემოწმებას, ასევე განეკუთვნება კონფიდენციალური კატეგორიის ინფორმაციას.
მივმართეთ "ბანკ ქართუსაც", ვინაიდან "გავრცელებული ფაილების" მიხედვით, არჩევანი თანხის გადმოსარიცხად "მანუჩარმა" სწორედ ამ ბანკზე შეაჩერა. "ბანკი ქართუს" პასუხი:
"გაცნობებთ, რომ მსგავსი შინაარსისა და მოცულობის ტრანზაქცია არ მომხდარა სს „ბანკ ქართუში". ამასთან, კანონით ბანკს ეკრძალება კონკრეტული ანგარიშის და ანაგარიშიდან განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გაცემა მესამე პირებისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკის მიმართ რეპუტაციის შემლახველი, მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს ასეთი ინფორმაციის გამავრცელებელი პირების წინააღმდეგ."
ვერ შევძელით პირადად ისაია ცეცხლაძის ნახვა. "გავრცელებული ფაილებიდან" 2019 წლის ჩანაწერს თუ დავეყრდნობით, ისაია ცეცხლაძე საზღვარგარეთ წავიდა და "ამ დროს იყო სერბეთის ეკლესიის გერმანიის ეპარქიის მღვდელმსახური." ჩვენ სერბეთის ეკლესიის გერმანიის ეპარქიასაც მივწერეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
მივედით ისაია ცეცხლაძის სარეგისტრაციო მისამართზე ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში და მისი ოჯახის წევრს დავუბარეთ, რომ ვამზადებდით მასალას შესაძლო ფულის გათეთრების საქმეში ისაია ცეცხლაძის მონაწილეობის შესახებ. ქალბატონმა გვითხრა, რომ ისაია ცეცხლაძე მართლაც წასულია, სამკურნალოდ. დავტოვეთ ჩვენი ნომერი, მაგრამ ჯერჯერობით არავინ შემოგვხმიანებია.
ერთ-ერთ გავრცელებულ ჩანაწერში ისაია ცეცხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის II მთავარი სამმართველოს III სამსახურის თანამშრომელთან კავშირზე არსებულ წყაროდაც არის მოხსენიებული, როგორც "ბერ-მონაზონი, საპატრიარქოს სოციალური სამსახურის თანამშრომელი ისაია ცეცხლაძე (ხელწერილით)."
შეჯამება
"გავრცელებული ფაილების" მიხედვით, 2015 წელს ვინმე "მანუჩარი", რუსეთიდან დიდი მოცულობით თანხის გადმორიცხვას ეკლესიასთან დაკავშირებული ფონდების მეშვეობით ცდილობდა. ჯერ ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ანგარიში შეარჩია, შემდეგ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი www.gogni.ge (დღეს გათიშულია), რომელზეც ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო ონლაინ გადახდის სისტემა. სავარაუდოდ ვერც ამ გეგმამ გაამართლა.
"გავრცელებულ ფაილებში" ასევე წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, რომ ამ თანხის ნაწილი საპატრიარქოსთან დაკავშირებული ფონდის ანგარიშზე აქტიურად ირიცხებოდა და ჩაირიცხა მინიიმუმ მილიონ ორასი ათასი ($ 1 200 000) აშშ დოლარი. გადმოსარიცხი თანხის მოცულობა 28-დან 50 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ბოლოს ფულის გადმოსარიცხად კერძო პირიც შეარჩიეს.
იმავე ფაილების მიხედვით, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის II მთავარი სამმართველოს III სამსახურის თანამშრომელი ყოველთვიურ ანგარიშში მიუთითებს, რომ სწავლობდნენ ეკლესიასთან დაკავშირებული ფონდების მეშვეობით უცხო ქვეყნებიდან ფულის გათეთრების ოპერაციას, თუმცა საქმის ფიგურანტები ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათ ამ საქმესთან დაკავშირებით არ გასაუბრებია. თავად სუს-ი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
"გავრცელებულ ფაილებში" აღწერილი "28 მილიონის საქმის" ფიგურანტების მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო მონაცემები რეალური აღმოჩნდა და რამდენიმე მათგანთან ჩვენ დაკავშირება სწორედ ამ მონაცემებით შევძელით.
ასევე რეალური აღმოჩნდა გავრცელებულ ფაილებში ნახსენები რამდენიმე ფაქტი, მაგალითად, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურდა, რომ ისაია (ვახტანგ) ცეცხლაძემ მიტროპოლიტ გიორგი (გური) შალამბერიძესთან ერთად 2015 წლის 14 მაისს მართლაც დაარეგისტრირა სამშენებლო საქველმოქმედო ფონდი "გოგნი."
ასევე, VTB ბანკის თანამშრომელმა ა.რ. -მ "გავრცელებულ ფაილებში" მასთან დაკავშირებით აღწერილი მოვლენები გაიხსენა და გვითხრა, რომ მსგავსი შინაარსის მოლაპარაკებებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა წაიკითხა ჩვენს მიერ ამოკრებილი 28 მილიონის საქმის მასალების ნაწილი და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან საეჭვო ტრანზაქციას ჰგავს:
"აშკარად საეჭვო გარიგებასთან გვაქვს ადგილი, 28 მილიონის გადარიცხვაზე თუა ლაპარაკი, როგორც, წესი ასეთი თანხის საპირისპიროდ, ან უნდა შეისყიდოს ვიღაცამ, ან სერვისი, ან პროდუქტი, ან შესაძლოა სესხის ფორმა ჰქონდეს. მაგრამ, თქვენ რაც მანახეთ, იმის საფუძველზე, ლაპარაკია იმაზე, რომ ძალიან დიდი თანხები გადაირიცხება რუსეთის რაღაცა ანგარიშიდან ქართულ ანგარიშზე და მერე ამის 70% ისევ ბრუნდება სადღაც… ეს, ძლიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო გარიგებაა. . . როდესაც მონაწილეები ლაპარაკობენ, რომ დიდი თანხა დაყონ შედარებით პატარა თანხებად იმისთვის, რომ რადარის ქვეშ გამოიაროს ამ თანხებმა და არ გამოიწვიოს ზედმეტი ყურადღება ბანკებისგან, თუ სახელმწიფოსგან, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ეჭვებს… გავრცელებული პრაქტიკაა, რომ დიდი თანხები დაიყოს პატარა თანხებად, რადგან რაღაც თანხის ზემოთ ბანკებს ავტომატურად ერთვებათ განსაკუთრებული რეჟიმი, როცა რაღაც უფრო ანალიზს უკეთებენ გადარიცხვა იქნება ეს, თუ გადმორიცხვა. პირდაპირ რა თქმა უნდა არ გვაქვს ჩვენ სამხილი რომ ვთქვათ, რომ ეს არის რაღაც ფულის გათეთრება. მაგრამ, ფულის გათეთრება რომ უნდოდეს ვინმეს, სწორედ ასე მოიქცეოდა."
დაპირებული საბანკო ამონაწერები თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიიდან
როგორც ზემოთ ვახსენეთ, სვეტიცხოვლის ტაძარში შეხვედრისას, საბანკო ამონაწერების გადმოცემას დაგვპირდა თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მდივანი, დეკანოზი იოანე (ლევან) რევიშვილიც. მოგვიანებით მან მართლაც გადმოგვცა სამი ფურცელი.
მიტროპოლიტ გიორგი (გური) შალამბერიძის TBC ბანკის პირადი ანგარიშის ამონაწერი, პერიოდი: (01/11/2020 – 20/11/2022);
"სამშენებლო საქველმოქმედო ფონდი გოგნი"-ს "ბანკი ქართუს" ამონაწერი, პერიოდი: 15/05/2015 – 22/11/2022;