ორგანიზაციის
შესახებ
მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრი 2011 წელს ჟურნალისტებმა, ლაშა კვესელაძემ და გიორგი ფხაჭიაშვილმა დააფუძნეს.
მუშაობისას ორივე ხედავდა, რომ ინტერნეტის განვითარების კვალდაკვალ, საჯარო სივრცეში ჟურნალისტებისთვის გამოსადეგი უამრავი საინტერესო წყარო ჩნდებოდა. ნათელი იყო, რომ რეესტრებში და სხვა მონაცემთა ბაზებში ქექვა და ანალიზი მალე ჟურნალისტებისთვის გარდაუვალი გახდებოდა. ამას კი დრო და სათანადო უნარები დასჭირდებოდა.
ორმა ჟურნალისტმა დაიწყო სხვადასხვა ბაზაში მოძიებული ინფორმაციის გაერთიანება, რომ ჟურნალისტებისთვის უკვე გამზადებული სქემები შეეთავაზებინათ და მათ კვლევისას საწყისი ნაბიჯები უფრო სწრაფად გადაედგათ.
სწორედ ამიტომ შეიქმნა პირველი პროდუქტი,"ინტერესთა კონფლიქტის დეტექტორი" -- თანამდებობის პირების კავშირების საძიებო სისტემა. დროთა განმავლობაში, მონაცემთა ბაზამ სახელი შეიცვალა, დღს მას "კავშირები" ჰქვია და დაემატა საინფორმაციო და საგამოძიებო მასალების გამოსაქვეყნებელი სივრცე.
საძიებო სისტემის ახალ ვერსიაში (www.test.kavshirebidata.ge) ყველა კავშირი დოკუმენტურადაა დადასტურებული. "მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრი" მცირე ორგანიზაციაა, მაგრამ ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ მედიაორგანიზაციასთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2012 წელს ჩვენი ოფიციალური პარტნიორი გახდა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო პლატფორმა OCCRP.
მისია & მიზანი
მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის მიზანია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, გადამხდელთა ფულის ფლანგვა-მითვისების, ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის ფაქტების და კორუფციის სხვა ფორმების გამოვლენა და გაშუქება.
ჩვენ ვიკვლევთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში დასაქმებულთა მოქმედებებს, ვუღრმავდებით მიმდინარე, აქტუალურ საკითხებს -- არჩევნებს, მოსამართლეთა დანიშვნებს, გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებს და ა.შ
ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციის დიდ ნაწილს თავადვე ვაქვეყნებთ, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიებების მომზადებისას სხვა მედიაორგანიზაციებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში საგამოძიებო და მონაცემთა ჟურნალისტიკა განვითარდეს. ვცდილობთ ისეთი მედიახელსაწყოები შევქმნათ, რომ ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმება გავუადვილოთ. ამისთვის ჩვენ არამარტო ვქმნით შესაბამის საშუალებებს, არამედ ჩვენს ხელთ არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ჟურნალისტებს ტრენინგების, სემინარების და სხვა თემატური შეხვედრების საშუალებით ვუზიარებთ.
მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის მიზანი ასევე ყალბი ამბების გადამოწმებული ფაქტებით ჩანაცვლებაა.
ღირებულებები
ჩვენ ჟურნალისტები ვართ და ჩვენი მასალები ჟურნალისტური პრინციპების დაცვით იქმნება.
ჩვენი მთავარი ღირებულება -- სიმართლეა. ვიცით, რომ სიმართლე ძნელი დასადგენია, მაგრამ ვართ პრინციპულები და გვაქვს გამოცდილება და უნარები, რომ ის მოვძებნოთ, გადავამოწმოთ და დაზუსტებული ფაქტები გამოვაქვეყნოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ მოთხრობილი ამბები დოკუმენტებით იყოს გამყარებული.
მუშაობისას დამოუკიდებლები მიუკერძებლები ვართ და ამბავს კარგად ვუკვირდებით, რომ ყველა მხრიდან დავინახოთ, შემდეგ მხარეებს მოვუსმინოთ და ასეთი, ყველა მხრიდან შემოწმებული ამბავი მოვყვეთ. არავინ და არაფერი არის ისეთი, ვისაც, ან რასაც, შეუძლია ჩვენს მასალაზე ზეგავლენის მოხდენა. ყველა გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ და საკუთარ სინდისთან და აუდიტორიასთან ვართ ანგარიშვალდებული. ამიტომ, თუ შეცდომას დავუშვებთ, ან ინტერესთა კონფლიქტი წარმოგვეშვება რომელიმე საკითხის მიმართ, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ხშირად გვიწევს ისეთ საკითხებზე მუშაობა, რომლის გაშუქებამაც შესაძლოა ადამიანებს ზიანი მოუტანოს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვფხიზლობთ და ვმსჯელობთ, რომ არ ვიყოთ დამაზიანებლები, ვიყოთ წინდახედულები და წინასწარ განვსაზღვროთ რა შედეგების მომტანი იქნება ჩვენი მასალა სხვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
დაფინანსება
ჩვენი ორგანიზაციის პირველი პროდუქტი "ინტერესთა კონფლიქტის დეტექტორი" ფონდ "ღია საზოგადოება საქართელო"-ს მხარდაჭერით შეიქმნა. 2014 წლიდან გვაფინანსებს NED.
ჩვენი გუნდი
ლაშა კვესელაძე
ჟურნალისტი
ლაშა კვესელაძე ჟურნალისტია 2002 წლიდან. ამ პროექტის იდეაზე მუშაობა 2009 წელს გიორგი ფხაჭიაშვილთან ერთად დაიწყო. ამჟამად არის პროექტ "კავშირების" მკვლევარი, რედაქტორი და მუშაობს განვითარების კონცეფციაზე.
გიორგი ჩადუნელი
ჟურნალისტი
გიორგი ჩადუნელი ჟურნალისტია 2009 წლიდან. პროექტში "კავშირები" 2019 წელს ჩაერთო. მისი მთავარი ფუნქცია საჯარო წყაროებიდან შეგროვებული მონაცემების დამუშავებაა.
გიორგი ფხაჭიაშვილი
ჟურნალისტი
გიორგი ფხაჭიაშვილი ჟურნალისტია 2004 წლიდან. ამ პროექტის იდეაზე მუშაობა 2009 წელს ლაშა კვესელაძესთან ერთად დაიწყო. ამჯერად ის პროექტს "კავშირების" ტექნიკურ და ვიზუალურ განვითარებაზე ზრუნავს.
იაგო გოგილაშვილი
ოპერატორი
იაგოს ტელეოპერატორობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში ის იღებდა სხვადასხვა ქართული თუ უცხოური მედიისთვის: ტვ იბერია, რუსთავი2, იმედი, მთავარი არხი, Aljazeera English, BBC news, Channel 4. პროექტს "კავშირები" შემოუერთდა 2020 წელს. მისი მისიაა ვიდეო კონტენტზე მუშაობა.
დეივ ბლოსი
კონსულტანტი
დეივს ჟურნალისტად მუშაობის 25 წლიანი სტაჟი აქვს. 2016 წელს ის მუშაობდა პანამის დოკუმენტებზე და იყო OCCRP გუნდის ნაწილი, რომელმაც მოიპოვა გამომძიებელი რეპორტიორებისა და რედაქტორების (IRE) საერთაშორისო ჯილდო პროექტისთვის "თავისუფლება ხადიჯას." პროექტი "კავშირების" კონსულტანტია 2010 წლიდან.