top of page
Writer's pictureGeorge Shotadze

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი მარტის შემდეგ არ განახლებულა

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე www.akhmeta.gov.ge ბოლო სიახლე 2017 წლის 2 მარტით თარიღდება. ახალ ფორმატში შექმნილ ვებ-გვერდზე არის ველი “მოქალაქეს”, სადაც შემდეგი კატეგორიებია: საყოველთაო ჯანდაცვა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ვიწრო და მრავალპროფილიანი კლინიკები, ჯანმრთელობის დაზღვევა. არც ერთი ჩამოთვლილ კატეგორიაში შესაბამისი ინფორმაცია არ მოიძებნება. მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ვებ-გვერდის ადმინისტრირება ახმეტის გამგეობას ეხება.

“კავშირები” საკითხის გასარკვევად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს დავით აბულაძეს დაუკავშირდა. აბულაძის თქმით, ინფორმაციას პერიოდულად დებს თანამშრომელი, მაგრამ სიახლეებს ნაკლებად ტვირთავენ, რადგან “ფეისბუქ გვერდი უფრო აქტუალურია და ყველა სიახლეს აღარ ვდებთ. თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში დავდებ, არ არის პრობლემა. ნაკლებად მოთხოვნადია სიახლეები და რადგან ახალი აწყობილია ვებ-გვერდი, ვცდილობთ აუცილებელი გრაფები რაც არის, ის შევავსოთ” — აცხადებს აბულაძე. “შეგვყავს ის ინფორმაცია, რასაც ვებ-გვერდის ფორმატი ითხოვს”. როგორც აბულაძე ამბობს მიზეზი ვებ-გვერდის გაუმართაობის ტექნიკური პრობლემებიც არის. “ამ საკითხზე კონკრეტული თანამშრომელი მუშაობს. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გაიმართება ვებ-გვერდი, ალბათ ერთ თვეში” –ამბობს აბულაძე.

“კავშირები” ასევე დაუკავშირდა, ადმინისტრაციის უფროსის მიერ დასახელებულ თანამშრომელს, ქეთი თორღვაშვილს, რომელსაც ვებ-გვერდის ადმინისტრირება და ინფორმაციის განთავსება ეხება. თორღვაშვილი ადამიანური რესურსების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტია.

რატომ არ მუშაობს ვებ-გვერდი სრულად?

ჩვენი ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს. მე რაც შემიძლია ვანახლებ ინფორმაციას. ხარვეზი მქონდა ნიუსებში. დანარჩენი აუქციონი და საკრებულოსთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია მუდმივად იდება.

როდის დაიწყო განახლებულ ვებ-გვერდზე მუშაობა?

ვებ-გვერდზე მუშაობა 2016 წლის ზამთრის პერიოდში დაიწყო.

როდის დასრულდება ვებ-გვერდზე მუშაობა?

როდის დასრულდება ეს პროცესი ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს მთავრობის წამოწყებულია, ყველა მუნიციპალიტეტს ერთნაირ ვებ-გვერდებს უკეთებს.

სავარაუდოდ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც ვებ-გვერდებს ვმართავთ, რაღაც ტრენინგი დაგვჭირდება კიდევ. აქამდე ერთხელ თუ ორჯერ გვქონდა ტრენინგი თბილისში, მთავრობის კანცელარიაში.

რა თანხაა ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე გამოყოფილი?

ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მე ადმინისტრაციის ერთერთი რიგითი თანამშრომელი ვარ, რომელმაც შევითავსე ეს მოვალეობა. არანაირი ცალკე განყოფილება ჩვენთან არ არის, უბრალოდ შევითავსე ეს ფუნქცია. საზოგადოებასთან ურთიერთობის შტატიც კი არ გვაქვს ცალკე. ცალკე ალბათ არც იყო ფინანსები.

ამ მოვალეობის შეთავსებისას აიღეთ დამატებითი ანაზღაურება?

არა, არ ამიღია ცალკე ანაზღაურება, ან დანამატი.

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი

5 views0 comments

Comments


bottom of page