top of page
Writer's pictureKavshirebi Editor

როგორ იძიებს ფინანსთა სამინისტრო სანქცირებული ტვირთების საქმეებს - წინააღმდეგობრივი პასუხები

Updated: Sep 15, 2023


ფინანსთა სამინისტროს დღემდე საჯაროდ არ უსაუბრია რუსეთისთვის დაწესებული სანქციებთან დაკავშირებით დაწყებული კონკრეტული სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ.


დეპუტატ ანა ნაცვლიშვლისთვის ფინანსთა მინისტრის მიერ გაგზავნილ წერილობით პასუხში აღმოვაჩინეთ, რომ შარშან ივნისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე გადაგზავნილი იყო მასალები ერთ ფაქტთან დაკავშირებით:


2022 წლის 24 თებერვლიდან 9 ივნისის პერიოდში, როგორც საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, ასევე, საქონლის გაფორმების ადგილებზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, სანქცირებული საქონელი/სანქცირებული პირი გამოვლენილია 92 შემთხვევაში, რომელთაგან: უკან დაბრუნებულია რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთი – 36 შემთხვევაში, ხოლო 56 შემთხვევაში … ტვირთების გადაადგილება შეჩერებულია (აქედან 1 ფაქტია – რუსეთის ფედერაციის მიმართულებით არადეკლარირებული საქონლის („კომპიუტერის მაინერის პლატები“ 307 ცალი და 20 ერთეული ფრეონით დატვირთული ბალონი) გადაადგილებისა, რომლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 146 210 ლარი და საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს).


"კავშირებმა" დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია დაწყებულ გამოძებასთან დაკავშირებით, გვაინტერესებდა, რა გაგრძელება მოჰყვა არადეკლარირებული 307 ცალი "კომპიუტერის მაინერის პლატის" და 20 ცალი ფრეონით დატვირთული ბალონის საქმეს.


გვიპასუხეს, რომ ერთი პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას ნივთებიც ჩამოართვეს:


"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა ერთ პირს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა თქვენს წერილში ხსენებული ნივთები."


აღსანიშნავია, რომ მანამდე "ფლანგვის დეტექტორმა" ივლისში გამოითხოვა ინფორმაცია 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სავარაუდოდ სანქცირებული ტვირთის შემოტანის თაობაზე იყო თუ არა დაწყებული გამოძიება, რაზეც სამინისტროდან მიიღეს პასუხი, რომ 2023 წელს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 4 სისხლის სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მანამდე, აპრილში კი ითხოვდა ინფორმაციას 2022-2023 წლებში საზღვარზე სანქცირებული ტვირთის აღმოჩენის შედეგად დაწყებული გამოძიების შესახებ, რაზეც სამინისტროს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, თავი აარიდა პასუხს, რადგან 2022-2023 წლების განმავლობაში დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია იქნა მოთხოვნილი, ნაცვლად მხოლოდ მიმდინარე მონაცემებისა.


2022 წლის კომპიუტერის მაინერის პლატებისა და ფრეონის ბალონების საქმე კი ფლანგვის დეტექტორისთვის გაცემულ პასუხში ნახსენები არ არის.


ფლანგვის დეტექტორის მკვლევარის, სალომე კვირიკაშილის განმარტებით "იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მიერ აპრილისა და ივლისის თვეებში სამინისტროსაგან მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავდა 2022-2023 წლის პერიოდს, მიღებული პასუხებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2022 წელს არ ყოფილა გამოძიება დაწყებული, ან ფინანსთა სამინისტრო ზუსტ ინფორმაციას არ გვაწვდის და სრულყოფილი/ამომწურავი პასუხის გაცემისაგან თავის არიდებას ცდილობს."


ეს კი ეწინააღმდეგება ანა ნაცვლიშვილისთვის და"კავშირებისთვის" 2022 წელს გაცემულ პასუხს, რომ 2022 წლის ივნისში ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ საგამოძიებო სამსახურში უკვე გადაგზავნილი იყო, რაც მოგვიანებით კონკრეტული შედეგით დასრულდა.


სალომე კვირკაშვილის აზრით, "სახეზეა შეუსაბამობა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციასთან, რაც იწვევს ეჭვს სამინისტროს მხრიადნ ინფრომაციის გამიზნულად დამალვის თაობაზე."


"კავშირები" ამ შეუსაბამობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს.


*პოსტერზე გამოსახული სურათები არ წარმოადგენს სტატიაში ნახსენები პროდუქციის ზუსტ გამოსახულებას და ისინი გამოყენებულია მხოლოდ პროდუქტის საილუსტრაციოდ.

Comments


bottom of page