top of page

საჯარო სამსახურის ბიურო წელს მხოლოდ ერთი მინისტრის დეკლარაციას სწავლობს

2017 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირთა დეკლარაციების შეგროვებისა და გამოქვეყნების ნაცვლად დეკლარაციების მონიტორინგიც ევალება. საამისოდ ბიუროში სპეციალური სამსახურიც შეიქმნა.

კანონის მიხედვით, ბიურო ყოველწლიურად დეკლარაციების საერთო რაოდენობის 5%-ს ამოწმებს. შესამოწმებელი დეკლარაციები კომპიუტერულმა ალგორითმა უნდა შეარჩიოს.

საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია: წელს რომელი თანამდებობის პირების დეკლარაციები შემოწმდება.

პასუხად მივიღეთ 268 თანამდებობის პირის სია:


ჩვენ ამ სიის გაანალიზებისას შევნიშნეთ, რომ დეკლარაციების ბიურო მინისტრთა კაბინეტიდან მხოლოდ ერთი მინისტრის, ლევან იზორიას დეკლარაციას შეამოწმებს. ამ სიაში სხვა მინისტრი მოხვედრილი არ არის.

ლევან იზორია -- თავდაცვის მინისტრი


განახლებული კანონის მიხედვით, მონიტორინგის სამსახურის გარდა, რომელიც დეკლარაციების 5%-ს სწავლობს, კიდევ 5% ბიუროს უფროსის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისგან შექმნილ დამოუკიდებელ კომისიას უნდა შეესწავლა. მათ მიერ შესასწავლ სიაში შევიდოდა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული დეკლარაციები. განსაკუთრებული ფაქტორებია:

  1. განსაკუთრებული კორუფციული რისკი

  2. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი

  3. განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ცუხიშვილი აცხადებს, რომ წელს შემოწმების პროცესში  ეს კომისია საერთოს არ მონაწილეობს ვინაიდან ის დროულად არ შეიქმნა. იურისტის აზრით, წელს ეს ფაქტი დეკლარაციების მონიტორინგის პროცესში მთავარი ხარვეზია.

შესაბამისად, დეკლარაციების 10%-ს ნაცვლად წელს მხოლოდ 5% შემოწმდება. როგორც ცუხიშვილი განმარტავს, შეფერხება იმან გამოიწვია, რომ მთავრობამ დაგვიანებით დაამტკიცა დადგენილება რომელიც კომისიის შექმნის წესებს განმარტავდა.

საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გეგმიური შემოწმების გარდა,  სამმა მოქალაქემ მათ წერილობით დამატებით კიდევ სამი თანამდებობის პირის დეკლარაციის შესწავლოს მოთხოვნით მიმართა. ეს თანამდებობის პირები არიან :

1. ზვიად კვაჭანტირაძე —  საქართველოს პარლამენტის წევრი 2. თამაზ ნავერიანი  — საქართველოს პარლამენტის წევრი 3. სამსონ თამარიანი — წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავჯდომარე

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა შინაარსის განცხადებებით მიმართეს ამ პირებმა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელი თანამდებობის პირების დეკლარაციების შემოწმება მოითხოვეს.

რამდენიმე კითხვაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ელგუჯა მაკალათიამ გვიპასუხა:

-რა მეთოდით მოწმდება საჯარო პირების დეკლარაციები?

-მონიტორინგი სამი მეთოდით ხდება. პირველი: (დეკლარანტებს) უშუალოდ ელექტრონული პროგრამა არჩევს, მეორე: არის სპეციალურად შექმნილი კომისია რომელიც არჩევს (დეკლარანტებს) და  მესამე: (შერჩევა ხდება) კერძო განცხადებების, მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე. წელს მთავრობის დადგენილებით არის ისე, რომ მოწმდება მარტო ელექტრონული პროგრამით შერჩეული დეკლარაციები და ასევე ის დეკლარაციები რომლის შემოწმებასაც მოითხოვენ მოქალაქეები.

-რატომ არ მოხერხდა წლევანდელი მონიტორინგის პროცესში კომისიის ჩართვა?

-კომისია წელს ვერ შეიქმნა იმიტომ რომ დადგენილების საფუძველზე კომისია იქმნება დეკემბრის თვეში და დადგენილება უკვე იანვრიდან მივიღეთ იმიტომ, რომ კანონი ძალაში შევიდა 2017 წლის პირველი იანვრიდან და შესაბამისად კომისია ვერ შეიქმნებოდა.

-რას მოიცავს ეს ინფორმაცია რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ მოგვაწოდა?

-აქ წარმოდგენილია არის ის დეკლარაციები, რომლებიც ელექტრონულმა პროგრამამ შეარჩია და დამატებით სამი დეკლარაცია, რომლებიც მოქალაქეების  მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

-როგორ შეუძლია მოსახლეობას მოითხოვოს დეკლარაციის შემოწმება?

-ნებისმიერ პირს, ან  არასამთავრობოს, შეუძლია მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს, დასაბუთებული მოთხოვნით, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის დეკლარაცია შემოწმდეს. თუ ამ თანამდებობის პირის დეკლარაცია ისედაც მოწმდება, პროგრამამ ან კომისიამ შეარჩია, მაშინ არაფერი იქნება. თუ არ ვამოწმებთ და რეალურად შესამოწმებელი დეკლარანტების ნუსხაში არ არის შეყვანილი, ჯერ ვამოწმებთ განცხადების დასაბუთებულობას და შემდეგ დეკლარაციას.

-როდიდან შეამოწმებს კომისია დეკლარაციებს?

-წელს 15 დეკემბრამდე შეიქმნება კომისია, რომელიც დეკლარაციებს 2018 წელს შეამოწმებს.

-რა კრიტერიუმით არჩევს ელექტრონული პროგრამა შესამოწმებელ დეკლარაციებს?

-ელექტრონულად, ალგორითმის საშუალებით ხდება შერჩევა. წელს, როგორც კი დავასრულებთ დეკლარაციების შემოწმებას, პროცენტულობას თავიდან დავიანგარიშებთ, ახალ ალგორითმს ისე გავწერთ, რომ ბალანსი დაცული იყოს. დღესაც მაქსიმალური გათანაბრებით არის შერჩეული. სამინისტროებიდან — მინისტრიც არის, მოადგილეებიც არიან, პარლამენტარებიც არიან, თვითმმართველობიდანაც არიან, აიპ-ებიც, სსიპ-ებიც, სასამართლოების წარმომადგენლებიც, მოსამართლეებიც. არცერთი ორგანო არ არის გამორჩენილი. თუმცა, რიცხოვნობა განსხვავებულია თითოეულ უწყებაში და, შესაბამისად, პროცენტულობაც, მაგრამ პროპორციულობა მაქსიმალურად დაცულია.

9 views0 comments
bottom of page