top of page

წალკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი წელს არ განახლებულა

წალკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე www.tsalka.gov.ge განთავსებული უახლესი ინფორმაცია 2016 წლის 13 დეკემბრით, თარიღდება.

არ დევს ახალი ამბები, ცარიელია ველი ბიზნესის შესახებ, რომელიც მოსახლეობას ინფორმაციას ტენდერების, ინოვაციების, ტურიზმის სტატისტიკის,საწარმოს რეგისტრაციის, რეგულაციების, კომუნალური მომსახურებების, სამართლებრივი ნორმების, გადასახადების და მოსაკრებლების შესახებ უნდა აწვდიდეს. არ არის ინფორმაცია ისეთი მომსახურებების შესახებ, როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება, ნებართვის გაცემა და ა.შ. არ დევს ინფორმაცია წალკის შესახებ, რომელიც წალკის ისტორიას, არსებული მედია საშუალებების, კულტურის, გეოგრაფიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. სასარგებლო ინფორმაციის ველი, სადაც საბავშვო ბაღებზე, საჯარო სკოლებზე, სასწავლო პროგრამებზე, დასაქმებასა და მოსახლეობის ჩართულობაზე უნდა აწვდიდეს მოსახლეობას ინფორმაციას, ასევე ცარიელია. ინფორმაცია დევს მხოლოდ საკრებულოს ოქმების და განცხადებების შესახებ.

მითითებული საკონტაქტო პირის, საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი გიგინეიშვილის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია.

ვებ-გვერდი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას ემსახურება. “კავშირები” საკითხის გასარკვევად, ვებ-გვერდზე პასუხისმგებელ სამსახურს ორივე სტრუქტურაში დაუკავშირდა.

ნოდარ გაბაძე, საკრებულოს აპარატში საორგანიზაციო განყოფილების უფროსია. მან გვითხრა: “ჩვენ ძირითადად განცხადებებს და ოქმებს ვდებთ. მე ვამოწმებ ხოლმე და დევს. განცხადებები მოიცავს იმფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის იმართება სხდომები. კომისიის და ბიუროს სხდომის ოქმებს ვდებ. დეკემბერშია ხო განახლებული? იქ იქნება ალბათ შეხვედრის ოქმი სხვა არაფერი, როცა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა საკრებულოს თავმჯდომარემ. სიახლეებს ძირითადად გამგეობა დებს, რადგან აღმასრულებელი ხელიუფლებაა. თუ მაგალითად ვინმე სტუმარია ჩამოსული, ან სხვა რამე, მისი სამსახური დევს. ჩვენ ძირითადად კომისიის ოქმებს ვდებთ. გამგეობამ, თუ რამე სიახლე ან სხდომა აქვს, ინფორმაცია 7 დღის განმავლობაში უნდა დადოს.”

ევგენია ფურცელაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ის ადასტურებს, რომ ვებგვერდი გაჩერებულია და მიზეზსაც ხსნის: “პიარის გოგოები არ გვყავს, არც შტატით და არც დაკისრებული, ამიტომაც ეს ვებ-გვერდი გაჩერდა. ეხლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ავიყვანოთ ვინმე, რომ იმუშავოს ამ ვებ-გვერდზე. ცალკე შტატი ამაზე არსად არ არის გამოყოფილი, ანუ ვიღაცას უნდა დავავალოთ. ახლა კონკურსი გვაქვს გამოცხადებული www.hr.gov.ge-ზე დევს. სხვათაშორის, ვებ-გვერდი დიდი ხანი არ არის რაც არსებობს, ორი წელი იქნება. მანამდე ვინც ანახლებდა მას, ისინი მაღალმთიანობის პროგრამაში გადაიყვანეს. ჩვენც ვწვალობთ და ძალიან ვნერვიულობთ რომ ეს ვებ-გვერდი გაჩერებულია.”

0 views0 comments
bottom of page