top of page

სახელმწიფო შესყიდვები უცხოენოვანი კონტრაქტებით

2017 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ International Financial Reporting Standards Foundation Corporation-თან გამარტივებული შესყიდვით 17 554 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. იმის გასაგებად,  რა უფლება – მოვალეობები ეკისრებოდათ მხარეებს თქვენ ინგლისური ენის ცოდნა დაგჭირდებათ, რადგან ვებ-გვერდზე ხელშეკრულების მხოლოდ ინგლისური ვერსიაა ატვირთული.

მთავრობის 2017 წლის 13 სექტემბრის განკარგულებით წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და მათი გამხსნელების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის სახაზინო საწარმო “ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურ ცენტრთან’ გაფორმდა. საწარმოს სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის 8800 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი უნდა მიეწოდებინა. გამარტივებული შესყიდვის ელექტრონულ ფორმაში მხოლოდ რუსულენოვანი ხელშეკრულება დევს.

იმის გასაგებად, თუ რა შინაარსის ხელშეკრულება დადო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “აწარმოე საქართველოში”  ჩინურ კომპანია “შპს Chinamiceservice (Xiamen) Co.”-სთან  ჩინური, ან ინგლისური ენის ცოდნა დაგჭირდებათ. ამ ხელშეკრულების  ღირებულება 108 585 აშშ  დოლარია. ჩინური ტექსტი მხოლოდ ინგლისურადაა ნათარგმნი. 

წყარო: www.procurement.gov.ge

წყარო: www.procurement.gov.ge


საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა შემსყიდველი ორგანო ვალდებულია, დოკუმენტაცია ქართულ ენაზე აწარმოოს. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე უცხო ქვეყნის წარმომადგენელია და ხელშეკრულება უცხო ენაზე შედგა, აუცილებელია ნოტარიულად დამტკიცებული ქართული თარგმანი იყოს წარმოდგენილი

“კანონის დაცვით საქმის წარმოებას მონიტორინგს უწევს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა, ან შემსყიდველმა, არ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია (ამ შემთხვევაში ქართული თარგმანი), მას  შესაბამისი სამსახური უკავშირდება და ითხოვს დამატებით დოკუმენტაციას.” – განმარტავს სალომე საღარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობით ვკითხეთ, არსებობს თუ არა ზემოთჩამოთვლილი ხელშეკრულებების ქართული თარგამანები და, რატომ არ სთხოვენ შესაბამის უწყებებს მათ მიწოდებას და ვებ-გვერდზე განთავსებას?  მივიღეთ განმარტება, რომ ხელშეკრულებების ქართული თარგმანის წარდგენა სავალდებულოა.

სააგენტოს პასუხში წერია: “სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში, იგი უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. რაც შეეხება სატენდერო დოკუმენტაციას, იგი უნდა იყოს გამოქვეყნებული ქართულ ენაზე. ”

კითხვაზე, რატომ არ არის ჩვენს მიერ დასახელებულ შემთხვევებში ვებ-გვერდზე ატვირთული ხელშეკრულებების ქართული თარგმანები, შესყიდვების სააგენტოდან პასუხი ვერ მივიღეთ.

5 views0 comments
bottom of page